კომისიის სახელზე სამინისტროსა და შესაბამის რესურსცენტრებში 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა. ამ ეტაპზე 250-ზე მეტი განცხადების პირველადი განხილვა განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე კომისიის მიერ დასკვნები მომზადდება. კომისიის დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
სპეციალური კომისია პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ იმ შემთხვევებს განიხილავს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე, ანუ 2012 წლის დეკემბრამდე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე პოლიტიკური დევნის შესახებ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი განმცხადებელს ეკისრება.