ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ,,ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სამინისტროს, სააგენტოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციებისა და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები შედიან.
ახალი სტრატეგია 2009-2012 წლების სტრატეგიის მიღწევებს დაეფუძნება და იმ გამოწვევებს გაითვალისწინებს, რაც საქართველოსა და თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებობს.
შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მონაწილეობდა, განხილული იყო საქართველოს პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და წარმოდგენილი იყო მომავალი წლების შესაძლო პრიორიტეტები.
შეხვედრის ფარგლებში, დოკუმენტის შესამუშავებლად დაისახა კონკრეტული ამოცანები და ვადები. მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ აუცილებელია გაიზარდოს პროფესიული განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომობა, მიმზიდველობა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
სამუშაო ჯგუფი, ვიწრო და გაფართოებული შემადგენლობით ყოველკვირეულად შეიკრიბება და სტრატეგიის დოკუმენტში ასახვის მიზნით, აღნიშნულ პრიორიტეტებს დეტალურად განიხილავს.