საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი თეა ქარჩავა ,,ევროკლიოს’’ (ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციის) წარმომადგენლებს და ამ საერთაშორისო არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის წევრ ორგანიზაციას - საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წევრები უკრაინიდან და სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, კულტურის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე საქართველოში.
მოწვეულმა სტუმრებმა მინისტრის მოადგილეს და საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს ის ახალი რეგიონალური პროექტი გააცნეს, რომელიც ხორციელდება ,,ევროკლიოს’’ ხელშეწყობითა და დაფინანსებით. პროექტში ჩაერთვებიან 5 ქვეყნის პედაგოგები (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი). ამ რეგიონული პროექტის ფარგლებში შეიქნება დამხმარე რესურსი პროექტში ჩაბმული 5 ქვეყნის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ისტორიის საგნის ინოვაციურ სწავლებას.
ალუდა გოგლიჩიძემ და თეა ქარჩავამ დადებითად შეაფასეს ევროპული ასოციაციისა და ქართველ პედაგოგთა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. ორივე მხრიდან გამოითქვა ისტორიის სწავლების მეთოდიკის გაუმჯობესების მიმართულებით კოორდინირებული თანამშრომლობის სურვილი. აგრეთვე, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ პედაგოგთა ტრენინგების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობაში გაითვალისიწინონ ,,ევროკლიოს’’ კავშირები, გამოცდილება და ადამიანური რესურსები.