ყაზახეთის ჟაუტიკოვის მე-9 საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა. ქალაქ ალმატიში გამართულ ოლიმპიადაში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა და თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლები დაიმსახურეს: გელა მაღალთაძემ (მათემატიკა - კომაროვი), გიორგი სვანაძემ (მათემატიკა - კომაროვი), აკაკი მარგველაშვილმა (მათემატიკა-რაზმაძე), თორნიკე მანძულაშვილმა (ინფორმატიკა-ვეკუა) და გიორგი გულიაშვილმა (ინფორმატიკა-დემირელი),
ვერცხლის მედლები მიიღეს: გიორგი გონაშვილმა (მათემატიკა - კომაროვი), ჯიმშერ და გიორგი სხირტლაძეებმა (ინფორმატიკა-კომაროვი), ნიკა ნადირაძე (ინფორმატიკა-კომაროვი), ნიკოლოზ სვანიძე (ინფორმატიკა-კომაროვი), სანდრო მალუძე (ფიზიკა-კომაროვი) და სერგი ჩალაური (ფიზიკა-კომაროვი).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: დავით ჯანჯალია (ფიზიკა-რაზმაძე), ზაურ მეშველიანი (მათემატიკა-კომაროვი), ამირან მელია (მათემატიკა-კომაროვი) და დავით ცხადაძე (ფიზიკა-კომაროვი). გარდა ამისა კომაროვის სახელობის 199-ე სკოლამ პირველი ადგილი მოიპოვა სკოლების გუნდურ საერთო რეიტინგში, ხოლო რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლამ კი - დიპლომი წარმატებული მონაწილეობისთვის.
საქართველოს გუნდის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მინისტრის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, სამინისტრო ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა ხელშეწყობას და წახალისებას მომავალშიც გააგრძელებს.