საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იმ 120 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც ახალი წლიდან სასკოლო ავტობუსით სარგებლობენ.
სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვარში ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ამოქმედდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად დიდი მანძილის გავლა ფეხით უხდებოდათ. პროგრამაში 190 საჯარო სკოლაა ჩართული და 9000-ზე მეტი მოსწავლეა სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი. 2013 წლის მარტიდან სასკოლო ავტობუსი დამატებით კიდევ 100 სკოლას მოემსახურება.
ბოგვის საჯარო სკოლის 120 მოსწავლე მეზობელი 7 სოფლის მაცხოვრებლები არიან და მათ ახალი პროექტის ამოქმედებამდე 5-6 კილომეტრის ფეხით გავლა უხდებოდათ. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია, მოსწავლეები დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან სასკოლო ავტობუსით უსაფრთხოთ გადაადგილდებიან.
სკოლების სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ. სკოლას არ უწევს ტრანსპორტის გამართულობასა და საწვავით უზრუნველყოფაზე ზრუნვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო.