ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის 2010 წელს დაიდო. შეთანხმების საფუძველზე, პირველ ეტაპზე ჩოგბურთის გაკვეთილები თბილისის 10 საჯარო სკოლაში დაინერგა. 2013 წლიდან პროექტში ჩართული სკოლების რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 4 000-დან 12 000-მდე.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა პროექტში ჩართული მასწავლებლები გადაამზადეს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციამ ქართულ მხარეს მინი ტენისის ინვენტარი გადასცა, რომელიც სკოლებს უსასყიდლოდ დაურიგდათ. თბილისის 20 საჯარო სკოლაში სტანდარტული ზომის 20 საჩოგბურთო მოედანი მოეწყო.
სკოლებს შორის პერიოდულად საჩოგბურთო შეჯიბრებები იმართება. სამომავლოდ, სასკოლო ნაკრებების ჩამოყალიბება და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა იგეგმება. სკოლებში ჩამოყალიბდება ჩოგბურთის წრეები, რომელიც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფას, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს აუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.