მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სკოლებში კომპიუტერული პროგრამა - KCFE დაინერგება. დღეს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია და საჩვენებელი გაკვეთილი თავად ავტორმა, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ჩაატარა.
საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ჭადრაკის სწავლების ახალი მეთოდი დაინერგება. ახალი პროგრამა უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით 100 საპილოტე სკოლაში ამოქმედდება და იგი ჭადრაკის პოპულარიზაციის გარდა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. როგორც დიდოსტატი განმარტავს, ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება, იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება.
პირდაპირი ჩართვის რეჟიმში გარი კასპაროვმა ქუთაისისა და ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც ჩაუტარა გაკვეთილი. პროგრამა ჭადრაკის სწავლების ბევრ ინოვაციურ მეთოდს მოიცავს. თავად აკეთებს ყველა, მათ შორის რეგიონებიდან ჩართული მოთამაშეების შეფასებას, რომელიც ელექტრონულ დაფაზე თამაშის დასრულებისთანავე გამოისახება. ტელეხიდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომელთა დახმარებით განხორციელდა.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.