საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე 30 პირველადი მომართვა განიხილეს. განმცხადებელთა ნაწილს დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად მოთხოვნა გაეგზავნა, ხოლო ნაწილი განცხადებებისა განსახილველად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა, ვინაიდან ამ მომართვათა შინაარსი სცილდებოდა კომისიის კომპეტენციას.
ამავე შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ოთხი განცხადება არსებითად განიხილეს და პირადად შეხვდნენ განმცხადებლებს. არსებით განხილვას ის მომართვები ექვემდებარება, რომელთა ავტორებსაც ხარვეზის შესავსებად უკვე წარმოდგენილი ჰქონდათ გარემოებების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია.
მიღებული 830 მომართვიდან ამ ეტაპზე 630 განცხადების პირველადი განხილვაა დასრულებული, შემოსულია 105 დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო არსებითად 12 განცხადებაა განხილული.
უახლოეს დღეებში კომისია კვლავ შეიკრიბება და მუშაობას გააგრძელებს.