როგორც ცნობილია, აშშ-ს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობისთვის, საქართველო MCC-ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად შეარჩია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის 140 მილიონი დოლარი გამოიყოფა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ მიმართულებებს შორის ერთ-ერთია:
მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა (Selection of Partner Institution(s) for Capacity Building and Establishing Bachelor Degree Programs in Science, Technology, Engineering and Math Higher Education in Georgia).
დღეს, სამუშაო შეხვედრა სწორედ, უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან, საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან გაიმართა და მისი მიზანი მონაწილეთათვის სატენდერო პირობების გაცნობა და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იყო.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ქეტევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზურაბაშვილი იღებდნენ.