გენერალური ასამბლეის მიზანი მოსწავლეთა პრობლემების, გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ხელშესაწყობად კონკრეტული მექანიზმების შემუშავება იყო.
ასამბლეის მონაწილეები სკოლებში არსებულ აქტიურ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და ახალგაზრდულ კლუბებს წარმოადგენდნენ, მათ ასამბლეის ფარგლებში, გამგეობის მომავალი წევრები აირჩიეს და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ღონისძიების ერთ-ერთ სესიას ევროპის სკოლის მოსწავლეთა საორგანიზაციო ბიუროს გამგეობის წევრი დეიან ბოჯანიჩი (ბრიუსელი) წარუძღვა.
ასამბლეა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ გახსნა. მოწვეულ სატუმართა შორის იყვნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასანიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები.
საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი ერთადერთი არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისია საქართველოს სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა და მათი ინიციატივების ხელშეწყობაა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.