საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვება პირველის იმ 34 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც რუსთავის მე-2, მე-11 და მე-16 საჯარო სკოლებში სწავლობენ და რომელთაც დღეიდან სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ.
სოფელი გამარჯვება პირველი რუსთავიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. სკოლამდე მისვლა ამ სოფლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსწვლეებს უამინდობის დროს ხშირად სკოლის გაცდენა უწევდათ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ მეორე ან მესამე გაკვეთილისთვის ახერხებდნენ სკოლაში მისვლას. დღეს ეს პრობლემა საქართველოს ბევრ სოფელში აღარ არსებობს. მოსწავლეები დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან სასკოლო ავტობუსით უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.
- გარდა იმისა, რომ ჩვენი შვილები დროულად და უსაფრთხოდ ივლიან სკოლაში, სასკოლო ავტობუსის მომსახურებით მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათიც გვექნება - განაცხადა სამი მოსწავლის დედამ გულნაზი ლორთქიფანიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვრიდან ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ამოქმედდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. პირველ ეტაპზე, სასკოლო ავტობუსი საქართველოს მასშტაბით 190 საჯარო სკოლას დაენიშნა. 6 მარტიდან კი, პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთო და უკვე 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლეა სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო.