გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებისთვის მეღვინეობა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას და რეგიონის შემოსავლების ფორმირებისა და დასაქმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მეღვინეობა ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობაა საზოგადოებრივ კოლეჯში ”აისი”.
კოლეჯში მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქამდე თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ადგილობრივ ფერმერებს წარმოებული ღვინის ხარისხის შემოწმებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რაც წარმოებული ღვინის რეალიზაციაში ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ ბაზრებზე გარკვეულ წინააღმდეგობებს იწვევდა.
ზემოაღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, საზოგადოებრივი კოლეჯის ”აისის“ ინიციატივითა და GIZ-ის ”კერძო სექტორის განვითარება საქართველოში” პროგრამის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯის ბაზაზე ღვინის ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც საუკეთესო მაგალითია პროფესიული განათლების მისადაგებისა სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
სასწავლო ლაბორატორია კვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს, რომლებიც კახეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურებიან. ლაბორატორია ასევე სთავაზობს ადგილობრივ ფერმერებს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.