მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ დღეს, ყველაზე ხანდაზმულ და ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგებს რვა მარტი მიულოცეს და საჩუქრები პირადად გადასცეს.
ალუდა გოგლიჩიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ გომისა და მელექედურის საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებელს 92 წლის ეთერ გარაყანიძეს სახლში ეწვია, ქალთა დღე მიულოცა და სამინისტროს სახელით საჩუქარი გადასცა.
ქალბატონი ეთერი 60 წელია პედაგოგია და მისი გაკვეთილები დღესაც გამორჩეულად საინტერესოა. მარტოხელა მასწავლებელს სოფელი „სკოლას შეწირულ ადამიანად“ მოიხსენიებს, რომლის საქმიანობა მუდმივად სიახლეების ძიება, მოსწავლეებზე ზრუნვა და სხვისი დახმარებაა. „ქალბატონ ეთერის სახლში, მხოლოდ წიგნებია ახალი“ - ამბობს მელექედურის საბაზო სკოლის დირექტორი. მინისტრის მოადგილემ მხცოვან მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ კი, რვა მარტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის ინფორმატიკის 18 წლის მასწავლებელს, შალალა ნასიბოვას მიულოცა და საჩუქარი გადასცა. შალალა საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელია, მან წარმატებით დაამთავრა პროფესიული კოლეჯი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და რამდენიმე თვეა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინფორმატიკას ასწავლის. ლევან ქებურიამ შალალას წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.