საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსებას გულისხმობს. ამ სპეციალობებს შორის არის აგრარული, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული მიმართულებები, რომელთაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
გიორგი მარგველაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებს, 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება გააცნო. მინისტრმა ასევე ისაუბრა კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებისა და აგრარულ სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადების აუცილებლობაზე, ამ მიზნის განხორციელებაში მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და მინისტრმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხა.