სემინარები ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის განვითარების პროგრამის “სასკოლო ხელბურთი” ფარგლებში ჩატარდება. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების პედაგოგთა დახმარებას სწორად წარმართონ სპორტის გაკვეთილები და შეჯიბრებებში მონაწილეობის მოტივაციით, საფუძველი ჩაუყარონ სკოლის ხელბურთის გუნდების შექმნას, ხელი შეუწყონ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
სემინარები ჩატარდება საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისი (3-5 აპრილი), ყვარელი (7-9 აპრილი) და თბილისი (10-12 აპრილი). მონაწილე პედაგოგებს ჩაუტარდებათ როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული კურსი. სემინარის ბოლოს ტესტირება ჩატარდება, რომლის შედეგების მიხედვით მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.
ხელბურთი, როგორც ოლიმპიური გუნდური თამაში, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობა. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში ხელბურთის დიდი ტრადიციები არსებობს. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია აქტიურადაა ჩაბმული ევროპისა და საერთაშორისო ფედერაციების განვითარების პროგრამებში, რომელთა მიზანია ხელბურთის, როგორც სათამაშო სპორტის სახეობის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მრავალ საჯარო სკოლაში ხელბურთი სპორტის გაკვეთილის ძირითადი საგანია.