ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური 2013 წლის 30 მარტს გაიმართა. სწორედ, ამ ტურში გამარჯვებულებმა მიიღეს მონაწილეობა VII საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც წელს თბილისში 25-27 აპრილს ჩატარდა.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზებაში ფირმა „ჩაღლარს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მხარს უჭერენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და „საქპატენტი”. გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა, თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანმა და ჩაღლარის საგანლანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ღზვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბჭოების თავმჯდომარემ ადემ ონალიმ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი პირველად, 2005 წელს ჩატარდა. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მომზადებული პროექტებით. 2007 წელს აღნიშნულმა კონკურსმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვი.
ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესება. ოლიმპიადა ასევე დიდ როლს თამაშობს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში. მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.