პროექტის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგები ელექტრონული კურსის შექმნის ტექნოლოგიას დაეუფლებიან, აითვისებენ მეთოდოლოგიას და თავად შექმნიან საპილოტე პროექტებს, რომელთა დანერგვა შესაბამის სასწავლებლებში მოხდება.
ელექტრონული სწავლების სპეციალისტები კარგად იცნობენ საქართველოში პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ელექტრონული კურსის შექმნით (საგნის აქტუალობიდან გამომდინარე) საინტერესო, თანამედროვე, მრავალფეროვანი და ეპოქის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიული განათლების მიღებაა შესაძლებელი.
ელექტრონული/დისტანციური სწავლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად აპრობირებული სისტემაა და იგი ერთ-ერთია ინტერნეტქსელის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სამხრეთ კავკასიაში 2008 წლიდან „ინვენტის“, შემდგომ კი GIZ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. შედეგი ასეთია: დღეისათვის გვყავს ელ. სწავლების სპეციალისტები, რომლებმაც არაერთი საპილოტე პროექტი განახორციელეს და წარმატებით დანერგეს საკუთარ ინსტიტუციებში. შეიქმნა სრულფასოვანი პროექტებიც, როგორიცაა eLearning Course of Georgian, რომელიც უფასოდაა განთავსებული ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის: www.ice.ge/elearning_geo.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.