ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კოლეჯში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. რამდენიმე სპეციალობაში კონკურსი ჩატარდა, მოეწყო მასტერ კლასები, კონფერენციები.
ამავე დღეს კოლეჯის სამშენებლო კორპუსში, საფუძველი ჩაეყარა ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის გახსნას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია ,,კნაუფის“ თანადაფინანსებით მოეწყო.
საიუბილეო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მონაწილეობდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესტონეთის, უკრაინისა და საფრანგეთის კონსულები, ბიზნესის წარმომადგენლები, ესტონეთის, უკრაინის, სომხეთის კოლეჯების წარმომადგენლები, საქართველოს კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელები.
ქობულეთის პროფესიული კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღიჭურვილი. სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი და სხვა.