საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მივიდნენ, მსჯავრდებულ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად მხატრული და შემეცნებით ლიტერატურა გადასცეს. მინისტრებმა ბავშვთა დღე ყველა ბავშვს და მათ მშობლებსაც მიულოცეს.
გიორგი მარგველაშვილი და სოზარ სუბარი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საგაკვეთილო პროცესით დაინტერესდნენ, მოსწავლეებს გაესაუბრნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას და საჭიროებებს გაეცნენ.
#11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში 14-დან 18 წლამდე ასაკის 45 მოზარდი იხდის სასჯელს. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი იგივე განათლება მიიღონ, რაც მათი თანატოლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს მოსწავლეები თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში ირიცხებიან. ყოველდღიურად მათთან ყველა საგნის პედაგოგი მიდის და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის. არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, რაგბის, გიტარის, ხეზე კვეთის სექციები, ლექტორიუმი. ასევე, დასრულდა ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები იზოლირებულ, კეთილმოწყობილ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დღეს, ყველა მსჯავრდებულს, ვისაც სწავლის სურვილი აქვს, უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით. ეს არის უწყებათაშორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი.