11.06.2013
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ორგანიზებით დღეს,
კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ინვესტიცია
საქართველოს მომავალში - ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა“.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო
საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
კონფერენციის მიზანია
ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლესა და განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა
და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. კონფერენცია დღის ბოლომდე
გასტანს და მოხდება გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ ჩატარებული კვლევების (ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა კვება და სკოლამდელი განათლება)
შედეგების პრეზენტაცია.
კონფერენციის ბოლოს მიღებული
იქნება ბავშვთა სიცოცხლისა და
განვითარების ეროვნული დეკლარაცია და მოწოდება კონკრეტული ქმედებისაკენ.
ადრეული
წლები (0-5) უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისათვის. სწორედ 5 წლამდე ეყრება საფუძველი ბავშვის უნარებს. ბავშვთა
ადრეულ ასაკში ინვესტიცია ასევე ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამ
ასაკში სოციალური უნარ-ჩვევების, ინტელექტუალური განვითარებისა და განათლების
მიღების შედეგად ადამიანი უფრო კონკურენტუნარიანია შრომით ბაზარზე და ქვეყნის
ეკონომიკისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.