სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ზურაბ ბეგიაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.
გარდაცვლილ სამხედრო ექიმის ოჯახთან შეთანხმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და კუმისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლას გმირი თანასოფლელის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მინიჭებოდა. ქართველი სამხედრო ექიმი ამავე სკოლაში 1986-1996 წლებში სწავლობდა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ ომში გარდაცვლილი სამხედროს დედა და ახლობლები, კუმისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, გაიხსენეს ზურაბ ბეგიაშვილის ცხოვრებისა და ბრძოლის ეპიზოდები.