საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“(CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ დაწყებითი კლასების 40 სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგს სერტიფიკატები გადასცეს.
გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას ისახავდა მიზნად.
პროგრამის ფარგლებში დაწყებითი კლასების სომეხმა და აზერბაიჯანელმა მასწავლებლებმა ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქართულ სკოლებში ქართველ მასწავლებელთან ერთად იმუშავეს. პედაგოგები კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს გაკვეთილის დაგეგმვისა და მსვლელობის პროცესში.
პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.