„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში” ახორციელებს. პროექტის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,) შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 70 მოსწავლეა.
„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა“ ტარდება წყნეთში - „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე და მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ პროგრამებს. პროექტი 16 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 70 მოსწავლიდან 10 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა და პროექტის „გამარჯვებული მოსწავლეების ვიზიტი CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში“ ფარგლებში, 5 დღით შვეიცარიაში, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრება.
სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ღონისძიებაზე წარმოდგენილ ენერგეტიკულ ბიზნეს პროექტებზე მოსწავლეები გუნდური პრინციპით, სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს პროექტები საზაფხულო სკოლის მთელი აკადემიური პროგრამის შემაჯამებელ „პროდუქტს“ წარმოადგენს და მათი შეფასება კომპეტენტურმა ჟიურიმ განახორციელა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ენერგეტიკის სამინისტროს, თბილისის მერიის, USAID-ის, თელასის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და პედაგოგები.