საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის მსვლელობას - „ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა“, დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ჯაილს სატონი გაეცნო. ინგლისელი სპეციალისტის ჩამოსვლის მიზანია დააკვირდეს და შეაფასოს პროექტი, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა „თბილისი“ დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ლია გიგაური და ბაქსვუდის სკოლის დირექტორი ჯაილს სატონი დღეს, საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის შემდეგ აქტივობებს გაეცნენ: აკადემიური ნაწილი - Slice of Britain (ბრიტანეთის ნაწილი) გაკვეთილი, რომელიც აერთიანებს როგორც ინგლისური ენის, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურისა და ტრადიციების სწავლებას; სპორტული ნაწილი - კრიკეტი, ბრიტანული ტრადიციული სპორტული თამაშის სახეობა; შემოქმედებითი ნაწილი - საზაფხულო სკოლის ჰიმნის კონკურსი, სახეების მოხატვა და ა.შ.
”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამას” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ახორციელებს. პროექტის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. სულ პროგრამაში 600 მოსწავლე 4 ნაკადად მონაწილეობს, საიდანაც 32 საუკეთესო მოსწავლე (8 თითოეული ნაკადიდან), სამინისტროს სრული დაფინანსებით, დამატებით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში.