მშვიდობის კორპუსი აშშ-ის სამთავრობო უწყებაა, რომელიც 1961 წელს მსოფლიოში მშვიდობისა და თანამეგობრობის გაძლიერების მიზნით დაარსდა. საქართველოში ”მშვიდობის კორპუსი” 2001 წლიდან მოღვაწეობს და პირველი პროექტი სწორედ, განათლების სფეროში თანამშრომლობით დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ყოვეწლიურად ამერიკელი მოხალისეები ჩამოდიან და ქართველ პედაგოგებთან ერთად, საჯარო სკოლებში უსასყიდლოდ მოღვაწეობენ. საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მოხალისეებთან და სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად, სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს ეუფლებიან.
თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი პროექტის ეფექტურობას გაზრდის, ახალ ეტაპზე გადავა საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება და ორივე მხარისთვის მისაღები, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულია საერთაშორისო კომუნიკაციის ენის შესწავლის ხელშეწყობით და სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით.
”მშვიდობის კორპუსის” მოღვაწეობა საქართველოში მეტად ნაყოფიერია. გარდა საგანმანათლებლო ფუნქციისა, პროექტი ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხის დაახლოებას. ამერიკელი მასწავლებლები თავად სწავლობენ ქართულ ენას, ეცნობიან ქართულ კულტურას, ზნე-ჩვეულებებს. 2001 წლიდან საქართველოში 500-მა მოხალისემ იმსახურა.