თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯების „ახალი ტალღა“, „მერმისი“, „იბერია“, „ოპიზარი“, „ფაზისი“, „პრესტიჟი“, „მოდუსი“, „ჰორიზონტი“, „ბლექსი“, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობასა და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკვალიფიკაციო ჩარჩოს გადახედვის ფარგლებში, კომპანიის ინფორმირებასა და დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს, ასევე, უზრუნველყოფს მათ ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში.
„ლიბერთი ბანკი“ კი, მემორანდუმის მონაწილე პროფესიული სტუდენტების სტაჟირების ორგანიზებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პრაქტიკული კომპონენტის ათვისებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.