სასწავლო ოთახი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით აღიჭურვა. ამჟამად, ჰოსპიტალში მკურნალობა 27 ბავშვს უტარდება, აქედან 14 სკოლის ასაკისაა ( ბავშვების რაოდენობები იცვლება).
მულტიდისციპლინალური გუნდის მიერ მოხდა ბავშვების შეფასება და მათი ინტერესების გამოკვეთა, ჯგუფის წევრები ჰოსპიტალში შეხვდნენ 147-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მშობლებს და მათ შესაბამისი კონსულტაცია გაუწიეს. სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისა და სრულფასოვანი მომსახურების მიზნით, მშობლის, პედაგოგებისა და მულტიდისციპლინური გუნდის თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიქმნება,რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე ყველა დამატებით აქტივობას.
საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას დახმარებას გაუწევს ფსიქოსოციალური სამსახური, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებს, ასევე, უცხო ენების შემსწავლელმა (ონლაინ) კომპანიამ მოსწავლეებს ინგლისური ენის უფასო პაკეტი გადასცა.
ერთობლივი პროექტის მიზანია, მკურნალობის დამთავრების შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების სოციუმში ინტეგრაცია, რათა საზოგადოებას სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.