ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და წელწადნახევარში დასრულდება. სოფელ ლამბალოში სკოლის ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.
ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით.
ლამბალოს საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლას შორის, რომლის მშენებლობასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს დაიწყებს.