აპლიკანტებმა ტესტირების ბარათები, სადაც მითითებულია ტესტირების ადგილი და დრო საინფორმაციო ან რესურს-ცენტრებში მიიღეს. მათ ასევე ჰქონდათ საშუალება დამოუკიდებლად ამოებეჭდათ ტესტირების ბარათები ვებგვერდიდან - www.naec.ge. ტესტირება დღის განმავლობაში რამდენიმე სესიად ტარდება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ ტესტირებას ორგანიზებას სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს. ტესტირების სპეციფიკის გათვალისწინებით და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, 16 ოქტომბერს აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ საცდელი ტესტირება გაევლოთ.
სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა იმ აპლიკანტებს ექნებათ, რომლებიც კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხებიან და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს. ხოლო, ყველა იმ აპლიკანტს, ვინც ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შესაძლებლობა ექნება თვითდაფინანსების საშუალებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესში ცვლილება განახორციელა, რომლის მიზანია: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელ უნარებთან.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირველი ეტაპი პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას წარმოადგენდა, რომელიც 14 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაციის პროცესი უზრუნველყო საქართველოს მასშტაბით არსებულმა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებმა, 70-მა რესურსცენტმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 33-მა დაწესებულებამ. ჯამში, საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია 15000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველი მიმართულების ერთ ან, რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე, ერთ ან, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აპლიკანტის მიერ შერჩეული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.