2013 წელს, ასევე პირველად, საქართველოს მასშტაბით არსებულ სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეთა 8 სკოლა-პანსიონის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ. ასევე, წელს ყველა საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი დაინიშნა, რომელსაც სამინისტრო აფინანსებს.
უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეებისათვის პანსიონურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით ერთადერთი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლა ახორციელებს. სკოლას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრი მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა და პირადად გაეცნო მათ საჭიროებებს.
202-ე საჯარო სკოლაში დღეისათვის 49 მოსწავლე ირიცხება. პანსიონში სწავლება მიმდინარეობს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოებით. ვინაიდან ბავშვებს მრავალი წლის მანძილზე არ გააჩნდათ ბრაილით ნაბეჭდი სახელმძღვანელოები, აღმზრდელებს უხდებოდათ უსინათლო მოსწავლეებისათვის ტექსტების კითხვა და ამ ფორმით ეხმარებოდნენ მათ განათლების მიღებაში.
წელს სკოლას ხუთი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ისინი საატესტატო გამოცდებში მონაწილეობენ. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.