თამარ სანიკიძის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ახალგაზრდების განათლების საქმეში კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთო. ჩვენს შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ პროფესიონალები.
მემორანდუმი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების სექტორში დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
შეთანხმების საფუძველზე, მხარები მზად არიან ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთონ, ხელი შეუწყონ პარტნიორული ურთიერთობების განავითარებას და ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით:
უმაღლესი განათლების სფერო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოავლენს საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის 30 წარჩინებულ სტუდენტს, რომელთაც „სოკარ“-აზერბაიჯანი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით დაუნიშნავს.
პროფესიული განათლების სფერო
სამინისტრო, „სოკარ“ (აზერბაიჯანის) მოთხოვნისამებრ, შეიმუშავებს საჭიროებაზე მორგებულ სპეციფიურ სატრეინინგო პროგრამებს პროფესიული განათლების დარგში, „სოკარ“ - აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებისთვის გრძელვადიანი პრაქტიკული ტრეინინგების ორგანიზებას.
ზოგადი განათლების სფერო
მხარეები ითანამშრომლებენ ზოგადი განათლების სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით.