იმერეთი ერთ-ერთი პირველი რეგიონია, სადაც მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა ქუთაისისი პირველ საჯარო სკოლაში იმერეთის რეგიონის მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, შეფასება და რეკომენდაციების მოსმენა თუ, როგორ შეიძლება ადგილზე უკეთ იმუშაოს სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა პროექტებმა.
მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დეპარტამენტთა ხელმძღვანელები და თანამშრომლები. შესაბამისად, იმერეთის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრული ინფორმაცია მიეღოთ და პასუხები მოესმინათ მათთვის ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე.
შეხვედრის მონაწილეთა განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა ინიციატივა, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მოსწავლეთა, სტუდენტთა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებაზე, სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული მათთვის მისაღებია და ისინიც მზად არიან ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ.