სემინარის მიზანია მოხდეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება, წარმატებული პროექტების გაცნობა და მიღებული ინფორმაციის გამოყენებით პროფესიული განათლების სხვადასხვა ასპექტების გაძლიერება: პროფესიული განათლების ხარისხის განვითარება, სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა, მუშაობის პროცესში პრაქტიკული კომპონენტების განვითარება, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობა, პროფესიული სტანდარტებისა და კვალიფიკაციის დახვეწა, ადამიანური რესურსის (პროფესიული მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის და ზედა რგოლის მენეჯერების) კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.
სემინარის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ გერმანიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის პროფესიული განათლების სისტემას. პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის აქტივობები და საგანმანათლებლო ტური სხვადასხვა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, რათა მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნონ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და პრაქტიკული კომპონენტების განმახორცელებელ დაწესებულებებს.
შრომითი ბაზრის მოთხოვნებისა და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე მხარეები მოისმენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოხსენებას ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ურთიერთთანამშრომლობითი პროექტის მომდევნო ეტაპს წარმოადგენს მონაწილეების ვიზიტი გერმანიაში, სადაც საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებს გააცნობენ გერმანიის პროფესიული განათლების დუალური სისტემის პრიორიტეტულობას.