პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლება სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მორგებულია მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. პროგრამის ფარგლებში, თბილისის ორ საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის გახსნილი ინტეგრირებული კლასი მოინახულა და საგაკვეთილო პროცესს გაეცნო.
ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებული კლასისთვის კონკურსის წესით შეირჩა: პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). ამ კლასში სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს, არის გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს არსებული სკოლის მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ ინტეგრირებული კლასების სპეციალისტთა გადამზადება უზრუნველყო. ტრენინგების კურსი მათ დაეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო სივრცეში უკეთ ინტეგრირებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების პროცესში.