საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურებში არსებული და მოსალოდნელი რისკების დადგენა და მათი ანალიზის საფუძველზე, შიდა აუდიტის 2014-2016 წლების სტრატეგიული და 2014 წლის წლიური გეგმების მომზადება.
შიდა აუდიტის 2014-2016 წლების სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და ეფუძნება სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა სუბიექტში რისკის ანალიზს. გეგმის შემუშავებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სრტუქტურული ერთულებისა და სსიპ-ბის ხელმძღვანელთა დამოკიდებულებას და მათ ჩართულობას ამ პროცესებში.
სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაცია თემაზე ,,ფინანსური მართვისა და კონტროლის არსი და შიდა აუდიტის მნიშვნელობა სამინისტროში“, ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო, თითოეულმა ხელმძღვანელმა ისაუბრა დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, მიზნებზე, საჭიროებებსა და ხელისშემშლელ გარემოებებზე.