3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის №198 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ნამუშევრების ”განსაკუთრებული გალერეა” გაიხსნა. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.
თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში 174 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს. 2013 წლიდან სკოლაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლაში გაიზარდა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მოსამსახურეთა რაოდენობა, 2013-2014 სასწავლო წლიდან სკოლას დამატებით ემსახურებიან: მეტყველების თერაპევტი, სპეცმასწავლებელი, რიტმიკის სპეციალისტი და არტთერაპევტი. გაიზარდა სკოლის თანმაშრომელთა ხელფასებიც.
წინა წლებში, სკოლის მხოლოდ პირველი სართული იყო რეაბილიტირებული. წელს მეორე სართული მთლიანად გარემონტდა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლას სსსმ მოსწავლეების ეფექტური სწავლა – განვითარებისათვის თანამედროვე ივენტარით აღჭურვილი, ადაპტირებული სამკურნალო ფიზკულტურისა და არტთერაპიის კაბინეტები დაემატა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ამ მიზნით, სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწვლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის სწავლება სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამები მორგებულია მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. ნებისმიერ საჯარო სკოლაში, სადაც თუნდაც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა, სამინისტრო სკოლას სპეცმასწავლებლით უზრუნველყოფს.