2013 წელს პირველად, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებსაც მიეცათ. მიმდინარე სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 51 სსსმ სტუდენტი სწავლობს. რვა მათგანი პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ გარემოს დაცვის ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტი), საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსის, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის, მეფილე-მომპირკეთებელისა და მღებავის სპეციალობაზე სწავლობს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოლეჯში ლევან თეთვაძის ფილმის „როგორ ინგრევა კედელი“ ჩვენება გაიმართა. „სპექტრში“ სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო გარემო, სადაც ფილმის ჩვენების შემდეგ პროფესიულ სტუდენტებს შეეძლოთ თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები წერილობით ან ჩანახატის საშუალებით გადმოეცათ.
„სპექტრში“ 30-მდე პროფესიას უფასოდ 600 სტუდენტი ეუფლება. 2013 წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისა და დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი.