ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც გათბობის სისტემა 90-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა და სკოლის გათბობა ინდივიდუალური შეშის ღუმელებით ხდებოდა. 2013 წელს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, კერძოდ: შეიცვალა კარ-ფანჯრები, სკოლის ტერიტორიაზე შეყვანილი იქნა გაზი, აშენდა საქვაბის შენობა, მოეწყო საქვაბე და სკოლის მთელ ფართზე მოხდა გათბობის სისტემის მონტაჟი. სკოლის რეაბილიტაციაზე 250940 ლარი დაიხარჯა.
კაზრეთის №1 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიგა უმეკაშვილი ეწვივნენ. კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში 626 მოსწავლე სწავლობს, სკოლის 41 პედაგოგიდან 13 სერთიფიცირებულია.
ბოლნისში სულ 32 საჯარო სკოლაა, მათგან 7 სკოლას 2013 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ბოლნისის ბევრ სოფელში წელს შეიყვანეს გაზი და შესაბამისად, მოხდება ამ სოფლების სკოლების გაზიფიცირება.
სკოლების გაზიფიცირების პროექტის მიზანია საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს სწავლა/სწავლებისთვის თბილი და კომფორტული გარემო ჰქონდეთ. სამწუხაროდ, რეგიონებში ჯერ კიდევ არის სკოლები, რომელიც შეშის ღუმელებით, არასრუფასოვნად თბება. ასეთი სკოლების გაზიფიცირება არა მხოლოდ დისკომფორტს მოუხსნის სკოლებს არამედ, მოხდება გათბობისთვის გამოყოფილი სახსრების დაზოგვაც. სკოლების გაზიფიცირების პროცესში აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკის სამინისტრო და ეტაპობრივად, გაზი ყველა სკოლას ექნება.