დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადასცეს. 2013 წელს საქართველოს მასშტაბით 780 ოქროსა და 1041 ვერცხლის მედალი გაიცემა. დღეს, ოქროს მედლებით თბილისის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულები დაჯილდოვდნენ.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. 2012-2013 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა წარჩინებული კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.