საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“, რომელიცმინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნა.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა
და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და
საერთაშორისო ექსპერტები.
2013 წელს (ივლისი-დეკემბერი) საქართველო ბოლონიის პროცესის განხორციელების
ჯგუფის (BFUG) თანათავმჯდომარე ქვეყანაა. კონფერენციაც
თანათავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. მისი პირველი ნაწილი - ეროვნული
საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარების საკითხებს დაეთმო. მოწვეულ სტუმრებს
„უმაღლესი განათლების ევროპის სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსა და
საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოს შესახებ არსებულ
სიტუაციასა და გამოწვევების“ შესახებ ესაუბრა ტემპუსის უმაღლესი
განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE – TEMPUS) ლალი ბაქრაძე, რომელიც
გერმანიიდან სპეციალურად კონფერენციისთვის ესტუმრა თბილისს. ცენტრის
აღიარების სამმართველოს უფროსმა ანა მაისურაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია
„ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოთა გამოყენება განათლების აღიარებისათვის“.
კონფერენციის მეორე ნაწილში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმები განიხილეს. ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ ისაუბრა. ხოლო ცენტრის აკრედიტაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ცხვედიანმა „საერთაშორისო კონტექსტში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ“ გააკეთა მოხსენება.