საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, 147-ე საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა მოზარდებს გამოჯანმრთელება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ სულ მოკლე დროში ისინი მშობლიურ სკოლასა და საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ”მძიმე ქრონიკული დაავადების (ლეიკემიით დაავადებული) მქონე ბავშვების სტაციონარულ პირობებში შინ სწავლებით უზრუნველყოფა” მიზანია ჰოსპიტალიზებული ბავშვებისა და მოზარდების ჩართვა სასკოლო პროგრამაში, რათა მკურნალობის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების სოციუმში ინტეგრაცია.
პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იაშვილის კლინიკაში მოეწყო სპეციალური სასწავლო ოთახი, რომელიც შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით აღიჭურვა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 147-ე საჯარო სკოლის 6 პედაგოგი 2013-2014 სასწავლო წლიდან რეგულარულად დადის და ლეიკემიით დაავადებულ 30 სხვადასხვა ასაკობრივ მოსწავლეს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ გაკვეთილებს, მულტიდისციპლინურ გუნდთან და კლინიკის ფსიქოლოგებთან ერთად უტარებს. პროექტის მიზანია, მკურნალობის დამთავრების შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების რეაბილიტაცია, რათა საზოგადოებას სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.