საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა პედაგოგებს ახალი წელი ამჯერად, მრავალშვილიანი მასწავლებლის ოჯახიდან. დღეს, მინისტრი თბილისის №47 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს ლია ლომსაძეს და №195 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს ქეთევან კუპრეიშვილს, როგორც მრავალშვილიან პედაგოგებს, სახლში ეწვია, პირადად მიულოცა ახალი წელი, ჯანმრთელობა და მომავალი წარმატებები უსურვა.
47-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ჭუაძე ხუთი შვილის დედა და წარმატებული პედაგოგია. მან მასწავლებელთა სერტიფიცირების ყველა ეტაპი გაიარა და დღეს, 1000 ლარიანი ანაზღაურება აქვს. ლია ჭუაძე აქტიურად არის ჩართული სკოლის უცხო ენის კათედრის მუშაობაში, მონაწილეობს სიახლეებისა და სწავლების ნოვატორული მეთოდების დანერგვაში, აქვს მენტორ-მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებაც. სკოლის დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლია ჭუაძე ხუთ გამორჩეულად კარგ შვილს ზრდის და ამავდროულად, ძალისხმევას არ იშურებს ჰყავდეს გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
ხუთი შვილის დედაა 195-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან კუპრეიშვილიც, იგი უხმაუროდ აკეთებს ძალიან დიდ საქმეს - არის სამაგალითო მრავალშვილიანი დედა და წარმატებული მასწავლებელი. კოლეგები ქეთევან კუპრეიშვილს ახასიათებენ როგორც სიახლეების მოყვარულ, კომპეტენტურ, მშვიდ, გაწონასწორებულ და ძალიან დისციპლინირებულ მასწავლებელს.