ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო, კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტთან (IPM-Research) თანამშრომლობით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა 2013 წლის ივლისში დაიწყო. მონაცემების მოპოვება და დამუშავება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წარმოებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ განათლების მიღების განმავლობაში, რომელიც სკოლიდან იწყება, ვითარდება და აღწევს დასაქმების ეტაპს, გოგონების აკადემიური მოსწრება და მიღწევები STEM-ის საგნებში, მინიმუმ უტოლდება, ან უსწრებს ბიჭების აკადემიურ მოსწრებას და მიღწევებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიჭებთან შედარებით, უფრო ნაკლები გოგონა აგრძელებს კარიერას STEM პროფესიებში.
რაოდენობრივმა და ხარისხობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგონები ნაკლებად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს STEM-ის საგნებში ვიდრე ბიჭები. ამის გარდა, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ოჯახის გავლენა კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ მიერ მომავალი პროფესიის შერჩევაში.
წარმოებული კვლევა აუცილებელია განისაზღვროს პრაქტიკული გზები იმისა, თუ როგორ შეუძლია ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შექმნან, მოთხოვნად სფეროებში, ქალების შესაძლებლობების ნეგატიური სტერეოტიპების დანგრევისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემო. აუცილებელი ხდება ხელი შევუწყოთ გოგონების ინტერესების მოტივაციას, რათა მათ განუვითარდეთ რწმენა საკუთარ თავში და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის უნარებში.
ქვეყანაში სამუშაო ძალის განვითარება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოსთვის განახორციელებს სტრატეგიულ ინვესტირებას როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ქალებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობაზე STEM საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიებში.