საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მიზნით დაფინანსებული პროექტების გაცნობა და ამ პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა. შესაბამისად, აღნიშული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც დონორებს შორის, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.
შეხვედრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები და პროექტები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატზე გადასვლას და საგანმანათლებლო სფეროს გაძლიერებას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დონორების საკოორინაციო შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი და იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს.
შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation) მეორე კომპაქტს ახორციელებს. აღნიშნული კომპაქტის ბიუჯეტი 140 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.