საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ დღეს, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და საკლასო შეფასების სისტემის შემუშავების პროექტის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმირება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ზოგადი განათლების პროექტისა და ზემოაღნიშული ინიციატივის შესახებ.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, კერძო საკონსულტაციო კომპანია GOPA შეირჩა, რომელიც პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. კომისიამ GOPA-ს მიერ შემოთავაზებული მიდგომები, მეთოდოლოგია და საერთაშორისო ექსპერტები სფეროსათვის ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნია და შეაფასა, როგორც კონკურსში მონაწილე ყველაზე კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია.
GOPA საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებს ჩაატარებს, რაც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო შეფასების სისტემის შექმნაში გამოიხატება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, GOPA სისტემის ანალიზს განახორციელებს, საჭიროებებს გამოავლენს და პოლიტიკის განსაზღვრაში დახმარებას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის შესაბამის სააგენტოებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.