23.03.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, თელაველ მასწავლებლებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა წარუდგინეს.
სამუშაო შეხვედრაზე პედაგოგები მასწავლებლის ოთხსაფეხურიანი პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსიას გაეცნენ, რომელიც საფუძვლად უდევს სქემას და უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრების მიზანია, პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსიის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გაცნობა და მომავალ სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებების, შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება.
უწყვეტი პროფესიული განვითარება არის პროცესი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს მიიღოს პროფესიაში არსებული გამოწვევები, სწორედ, პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვით, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია და სტატუსი აიმაღლონ, რითაც სკოლასაც მოუტანენ სარგებელს და ზოგადად, ხელს შეუწყობენ განათლების დონის ამაღლებას. ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლას ბევრად უფრო მცირე ვადებში შეძლებენ, ვიდრე ეს ამჟამად მოქმედი პროფესიული განვითარების სქემით არის განსაზღვრული. საბოლოოდ, კარიერული ზრდა მასწავლებლის ხელფასის ზრდასთან იქნება დაკავშირებული.
პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება და ყველა პედაგოგს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობის პროცესში.