საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სხვადასხვა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები.
ახალი კრებული ფონდ „ღია სზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გამოიცა და მასში ცხრა თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, გიო მგელაძეს, დათო ტურაშვილის, ერეკლე დეისაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ანინა ტეფნაძისა და ალექს ჩიღვინაძის მოთხრობებია შესული.
ქართველ მწერალთა მოთხრობებში საუბარია წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე, პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე.
ვიდრე მოთხრობებს დაწერდნენ მწერლები, თავად პაციენტებს და უფლებათა დამცველებს შეხვდნენ. აქედან გამომდინარე, კრებულში შესული ყველა მოთხრობა რეალურ ისტორიას ემყარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამაში საზოგადოებას თანამედროვე მწერლების მიერ შექმნილი წიგნი „კარი გამიღე“ დაეხმარება.