იენის უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან რამდენიმე ათეული წელია თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი ერთობლივი პროექტი ხორციელდება, მოქმედებს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები. თამარ სანიკიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და აღინიშნა, რომ მომავალი ურთიერთობა იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შინაარსობლივად დატვირთული იქნება.
2013 წლიდან თსუ-ში ახალი ერთობლივი ქართულ-გერმანული სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა სახელწოდებით - საერთაშორისო საწარმოო მართვა. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების თეორიული ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე ევროპული და მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.