საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალ რეგიონულ სასწავლო ცენტრებს ხსნის და ანახლებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას. დღეს, დმანისში რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ერთიან სახელმწიფო ადმინისტრირების სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დმანისის თვითმმართველობასა და ცენტრალური სტრუქტურების ადგილობრივ ორგანოებში დასაქმებული სამოცდაათი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, დმანისის ცენტრში სახელმწიფო ენის საბაზისო პროგრამის 3 თვიან კურსს გაივლის, რომლის დასრულების შემდეგაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცემათ და საშუალება მიეცემათ სახელმწიფო მართვის სრული სასწავლო კურსი ქ. ქუთაისში, სამინიტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიარონ.
დღესვე, დმანისის პარალელურად, სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სწავლას ანახლებს ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში.
სახელმწიფო ენის პროგრამის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე, მარტივი ტექსტური შეტყობინებების, საქმის წარმოების მიზნით წერილების და დოკუმენტების შედგენა.
2014 წლის მანძილზე სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ 2000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის გადამზადებას გეგმავს.