შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამ პროცესში გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართვას შეეხო. თამარ სანიკიძემ გუბერნატორებს ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ მიზნით, სამინისტრომ სოლიდური დაფინანსება გამოყო, შეისწავლა და შეაფასა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და შესაბამისად, დაგეგმა მომავალი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამინისტროს წარმომადგენლებმა, ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისა და მათი მოადგილეებიდან დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს და მათი წინადადებებიც მოისმინეს.
თამარ სანიკიძემ ასევე, თხოვნით მიმართა გუბერნატორებს აქტიურად ჩაერთონ მათ რეგიონებში მიმდინარე ან, დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგში და სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ლოკალურად წარმოქმნილი ცალკეული პრობლემების მოგვარებაში.